სიხლეები   ​სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების ფორმატს ცვლის
29.03.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების ფორმატს ცვლის. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ განაცხადა.

ლევან რაზმაძე დღეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს - სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ბიზნესის წარმომადგენლებს სიახლე გააცნო, კერძოდ აქამდე არსებული, თვეში ორჯერ დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი ახალ სამუშაო ფორმატში გადადის, რომლის მიხედვითაც, ტენდერის მიმდინარეობით ან ტენდერის ჩატარებით  უკმაყოფილო ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებან ერთად მოხდება. „გადაწყვეტილების მიღება მოხდება კონკრეტულ ორ სუბიექტს შორის. ამ შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს კანონმდებლობის შესაბამისი და რა თქმა უნდა, სამართლიანი. ასეთი ფორმატი ბიზნესმენებთან სააგენტოს ურთიერთობებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და საქმიანს გახდის“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ. 

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.სააგენტო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების წინადადებებსა და მოსაზრებებს გააანალიზებს და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
შემდეგი შეხვედრა 12 აპრილს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლები, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.