საერთაშორისო თანამშრომლობა   მიმდინარე პროექტები და ინიციატივები
2014 წლის 19 სექტემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით და USAID EPI პროგრამის დახმარებით გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებდან და საქართველოში აკრედიტირებული საკონსულოებისა და საელჩოების სავაჭრო წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი მეწარმეების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვებში, გამჭვირვალე და სამართლიანი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეხვედრისთვის დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც მოკლედაა აღწერილი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, მოცულობა და სახელმწიფოსთან ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები.

სახელმწიფო შესყიდვების კვალიფიციურად ჩატარების, შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი თანამშრომლების ცოდნისა და კომპეტენციის გაღრმავების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა და USAID დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის დახმარებით გამოსცა სამი ბეჭდური გამოცემა:
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო;
მეთოდური მითითებები წინამოსამზადებელი ეტაპისთვის;
200 ხშირად დასმული შეკითხვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
აღნიშნული გამოცემები დაეგზავნათ სახელმწიფო უწყებებს. გამოცემები ასევე გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის მიერ, როგორც სახელმძღვანელოები, რომლებიც ურიგდებათ შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრეინინგის პროცესში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მსოფლიო ბანკთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის დაფინანსების თაობაზე. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სასწავლო ცენტრის მიერ მიმწოდებელთა ტრეინინგის დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი, ტრეინინგს ჩაუტარებს 50-მდე მიმწოდებელს. მონაწილეებს დაურიგდებათ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოები. პროექტის მიზანია მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარვეზებს ტენდერების ჩატარების პროცესში. აღნიშნული პროექტი პილოტურია და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს დონორებთან ამ მიმართულებით საქმიანობას.

2015 წლის 9-12 ივნისს, ქ. ბათუმში გაიმართება „სახელმწიფო შესყიდვების ცოდნის გაზიარების“ ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი(http://ppkef2015.spa.ge/), რომლის ორგანიზატორია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და მსოფლიო ბანკი. ფორუმზე მოწვეული იქნება 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.
 
წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება შესყიდვების ზედამხედველობასა და მონიტორინგის საკითხებზე. ფორუმის მიზანია, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების რეფორმირების საკითხებზე, მონიტორინგისა და ზედამხედველობის კუთხით.
 
ფორუმი მისცემს შესაძლებლობას მონაწილე ქვეყნებს, გააღრმავონ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები შესყიდვების მონიტორინგის კუთხით, ასევე დონორი ორგანიზაციების დახმარებით უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის უფრო ეფექტური მონიტორინგისა და გამჭვირვალე  მექანიზმების შემუშავება.