სიხლეები   ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
06.09.2022
  
 

 

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და თანმდევ საკითხებთან ერთად „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

„2022 წლის 22 ივლისს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინგადადგმული ნაბიჯია. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივაც მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე დირექტივას, რომლის მიღების შემდგომ, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოვა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ გააცნო. „ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივებთან და მომზადებულია ევროპელ კოლეგებთან ერთად“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება როგორც სისტემა და მიდგომები ასევე, შემსყიდველის დეფინიცია და პლატფორმა. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, DCFTA-ის საფუძველზე დამტკიცდა ე.წ გზამკვლევი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო შესყიდვებს განსახორციელებლად დაევალა 5 ეტაპი.

 

„ამ დროისთვის ორი ეტაპი შესრულებულია, რის საფუძველზეც ჩვენ გავხსენით საქონლის მიწოდების ნაწილში ევროპული ბაზარი. ქართულ კომპანიებს, რომლებიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, უფლება აქვთ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული საქონლის მიწოდების ტენდერებში მონაწილეობა მიიღონ და წარმატების შემთხვევაში, ოპერირება განახორციელონ“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ. მისი ინფორმაციით, მესამე და მეოთხე ფაზები მოიცავს ამ კანონის მიღებას, რომლითაც ეტაპობრივად გაიხსნება ბაზარი როგორც მომსახურების ასევე, სამშენებლო სფეროში.

 

მომხსენებლის თქმით, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით, შემუშავებული კანონპროექტი ეფუძნება ერთიან სისტემურ და კომპლექსურ მიდგომებს.

 

წარმოდგენილი კანონპროექტით ევროდირექტივის შესაბამისი რეგულაციების გავლენით, ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თავისებურების გათვალისწინებით, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.

 

წარმოდგენილი პაკეტით, შეიცვალა მონეტარული ზღვრები. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ საჯარო შესყიდვების სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან, რაც როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ერთი მხრივ გაზრდის საჯარო შესყიდვებში კვალიფიკაციის დონეს, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას.

 

კანონპროექტის მეხუთე თავი ახლებურად აწესრიგებს საჯარო შესყიდვების პროცედურებს.

 

მომხსენებლის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ცენტრალიზებული შესყიდვების ნაწილი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ეკონომიკურად უფრო მომგებიანი წინადადების არსებობას სახელმწიფო სტრუქტურებისათვის შესასყიდი საქონლისთვის ან მომსახურებისთვის. კანონპროექტით, ინერგება მდგრადი საჯარო შესყიდვების პრინციპების და მიდგომების აღიარებული კონცეფცია. კანონპროექტით განსაზღვრულია დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების წესი და ვადები.

 

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტს, თანმდევ 34 კანონპროექტთან ერთად მხარი დაუჭირა.