სიხლეები   საქართველოს შესყიდვების ელექტრონული სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოში
14.06.2013
  
 

თბილისი, 14 ივნისი, 2013. ელექტრონული შესყიდვების ოფიციალური სისტემა, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გამჭვირვალე მოდელს წარმოადგენს, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევის ანგარიშში.

 

კვლევის მთავარი მიგნებები:

  •  ელექტრონული შესყიდვების ოფიციალური ვებგვერდი წარმოადგენს ინოვაციურ და გამჭვირვალე სისტემას;
  • ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა ტენდერის გასაჩივრების საშუალება, რაზეც დავების განხილვის საბჭო მსჯელობს. ეს პროცესი ხელს უწყობს შესყიდვების პროცესის სამართლიანობისა და კონკურენტული გარემოს ხარისხის ზრდას;
  • ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის მთავარი კრიტერიუმი დაბალი ფასია. სასურველია, რომ შესყიდვების სისტემა პროდუქტის ხარისხისა და მიმწოდებლის გამოცდილების გათვალისწინების უკეთეს შესაძლებლობას იძლეოდეს, რათა საზოგადოების მაქსიმალურად გაიზარდოს გადასახადის გადამხდელთა ფულით მიღებული სარგებელი;
  • საქართველოს კანონი „შესყიდვების შესახებ“ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ გარკვეულ ორგანიზაციებს (საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ლატარიის კომპანია, საპარტნიორო ფონდი და სხვა), პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებს, ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ სამართლებრივი ხვრელების აღმოფხვრა;
  • 2012 წელს პრეზიდენტისა და მთავრობის თანხმობით, ადგილი ჰქონდა ჯამში 800 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტების გაფორმებას, რაც შესყიდვების პროცედურების გვერდის ავლით და ბუნდოვან ვითარებაში მოხდა. ხელშეკრულებების 45%, რომლის ღირებულებაც 1,2 მილიარდ ლარს უტოლდება, არაკონკურენტული, გამარტივებული შესყიდვების პირობებში გაფორმდა, ხოლო დარჩენილი 55%-ის (1,5 მილიარდი ლარის ღირებულებით) შესყიდვა ელექტრონულად განხორციელდა;
  • tendermonitor.ge არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილი ახალი ვებ-გვერდი, რომელიც საზოგადოებას სახელმწიფო კონტრაქტების ძიების, მონიტორინგისა და ანალიზის საშუალებას აძლევს.

დღეიდან ამოქმედდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ვებგვერდი – tendermonitor.ge, რომელიც საზოგადოებას საჯარო შესყიდვების ძიების, დაკვირვებისა და მონიტორინგის საშუალებას აძლევს. ეს ვებგვერდი საქართველოს კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების სისტემიდან მიღებულ მონაცემებს ემყარება.

 

„ვიმედოვნებთ, რომ ეს მექანიზმი სახელწიფო შესყიდვებს აქცევს სფეროდ, სადაც საზოგადოებას რეალურად ექნება იმაზე დაკვირვების შესაძლებლობა, თუ როგორ იხარჯება გადასახადის გადამხდელთა თანხები,“ – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

 

საქართველოში სამთავრობო ტენდერები ცენტრალურად, ერთ ვებგვერდზე ცხადდება, სადაც შემდგომ კომპანიები ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობენ. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს და, ამასთან, ყველა სატენდერო მოთხოვნას აკმაყოფილებს. სატენდერო დოკუმენტაცია, ხელმოწერილი ხელშეკრულებები და განხორციელებული ცვლილებები ხელმისაწვდომია კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მიერ 2010 წელს შექმნილ ინოვაციურ და მუდმივად განახლებად ელექტრონულ სისტემაში.

 

„საქართველოს კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მიერ შექმნილმა ელექტრონულმა სისტემამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,“ – აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – სლოვაკეთის“ აღმასრულებელი დირექტორი და შესყიდვების ექსპერტი გაბრიელ შიპოში. „ეს სისტემა, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრაში მოდის ევროკავშირის რეგულაციებთან. მისი ხარვეზი გამონაკლისების არსებობაში მდგომარეობს, რაც რიგი ტენდერების ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.“

 

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშაოს, რათა შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ საჯარო სახსრების მაქსიმალურად გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში ხარჯვა უზრუნველყოს. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს,“ – ამბობს ეკა გიგაური.

 

კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შესყიდვების ვებგვერდის მეშვეობით გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს. შემოსული საჩივრები დავების განხილვის საბჭოში 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილება, რომლის ერთ-ერთი წევრიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელიცაა. გასაჩივრების აღნიშნული მექანიზმი მეტად ინოვაციურია და საზოგადოებას სახელმწიფო შესყიდვებზე თვალის მიდევნებისა და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პროცესის შეჩერების შესაძლებლობას აძლევს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“