სიხლეები   ცვლილებები N9 ბრძანებაში
27.06.2013
  
 

2013 წლის 21 ივნისს  განხორციელდა ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებაში, რომელთა მიხედვით:

  • ტენდერის გამოცხადებიდან ვადის ათვლა იწყება მეორე დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმწოდებელს ტენდერის გასაცნობად და სატენდერო წინადადების წარსადგენად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში აქვს მინიმუმ სრული 3 სამუშაო დღე, ხოლო ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში - მინიმუმ სრული 20 დღე.
  • განისაზღვრა 3 დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების დადება, კერძოდ: მას შემდეგ რაც შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების თაობაზე და მიანიჭებს ტენდერს სტატუსს: „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, მას უფლება არ აქვს დადოს ხელშეკრულება ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტენდერის მსვლელობას დაემატა „ხელშეკრულების სტატუსები“ – „მიმდინარე ხელშეკრულება“ „შესრულებული ხელშეკრულება“ და  „შეუსრულებული ხელშეკრულება“ - რომელთა მეშვეობით მოხდება ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ასახვა სისტემაში. ამავდროულად, ტენდერისათვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭება დაუშვებელია, სანამ შემსყიდველი ორგაბნიზაციის მიერ არ მოხდება იმავე ტენდერის „ხელშეკრულების“ ველში დეტალური ინფორმაციის მითითება.
  • პრეისკურანტით ტენდერის ჩატარება შესაძლებელია კიდევ ერთ CPV კოდზე - თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების (CPV 50200000).
  • შემსყიდველი ორგანიზაციები გათავისუფლდენენ ტენდერის ჩატარებისას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნების მოთხოვნის ვალდებულებისაგან.  შემსყიდველ ორგანიზაციას მხოლოდ უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით საკვალიფიკაციო მონაცემების დედნის წარმოდგენა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის.
  • დაზუსტდა, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის ყველა საშუალების დროს. 
  • პრეტენდენტის მიერ სავარაუდო ღირებულებაზე მინიმუმ 20%-ით დაბალი ფასის დაფიქსირებისას, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების გაზრდილი გარანტია 2%–დან 10%–მდე ოდენობით.