სიახლეები/განცხადებები   აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონული კონფერენციის შედეგები.
02.12.2011

538

 

აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც  22–24 ნოემბერს გაიმართა ინდონეზიაში, ქალაქ დენპასარში (კუნძული ბალი) და რომელშიც აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნების  100–მდე დელეგატი მონაწილეობდა, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრეზენტაციამ მონაწილე ქვეყნების დიდი დაინტერესება გამოიწვია. პრეზენტაციის თემა საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვა იყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ტატო ურჯუმელაშვილმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა დავით მარღანიამ კონფერენციის მონაწილეებს ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვის სწრაფი, იაფი და წარმატებული პრეცედენტი გააცნეს.

როგორც  კონფერენციის ორგანიზატორი, აზიის განვითარების ბანკი მიიჩნევს, საქართველოში განხორციელებული რეფორმა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ჯერ არ არის დანერგილი ელექტრონული შესყიდვები და ურჩია ასეთ ქვეყნებს, გაიზიარონ საქართველოს მაგალითი და გამოცდილება.

დიდი დაინტერესება და საქართველოში გატარებული რეფორმის გაზიარების სურვილი გამოთქვა აფრიკის განვითარების ბანკისა და აფრიკის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ქალბატონმა ბლანდინ ვუ ჩებილიმ. „საქართველოში ჩატარებული რეფორმა არის სწორედ ის, რაც აფრიკის ქვეყნებს სჭირდება – ეს არის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სწრაფი, ეკონომიური და წარმატებული რეფორმა“ – ასეთი შეფასება მისცა ქალბატონმა ბლანდინ ვუ ჩებილიმ ქართული მხარის პრეზენტაციას. მისივე თქმით, აფრიკის ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესო იქნება მომავალში გაცნობითი ხასიათის სემინარების ჩატარება.

საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა ფიჯის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბატონმა დევიდ კოლიტაგანემ, რომელმაც ქართულ მხარეს რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში განხორციელებული რეფორმის მიმართ კორეელებმა გამოიჩინეს. კორეის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა კიუ იუნ ჩოიმ გამოთქვა სურვილი, ადგილზე გაეცნოს ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას. ამ მიზნით, კორეელები მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ეწვევიან. კორეის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე შევლენ კომპანიები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ ტენდერებში. ამასთანავე, კორეულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკა თავის ელექტრონული ტენდერების სისტემას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სრულყოფს და ანვითარებს და მათი სისტემა ერთ–ერთ მოწინავედ ითვლება მთელს მსოფლიოში.