სიახლეები/განცხადებები   ელექტრონული შესყიდვების შესახებ ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა
29.11.2010

187

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შემსყიდველი ორგანიზაციების ინფორმირებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მიმდინარე რეფორმის და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.  

სააგენტოს თავმჯდომარემ ტატო ურჯუმელაშვილმა 28 ნოემბერს აჭარის რეგიონის შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ონლაინ-კონფერენცია ჩაატარა.

სააგენტოს თავმჯდომარემ თბილისიდან ბათუმში აჭარის რეგიონის წარმომადგენლებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა გააცნო. გარდა ამისა, ბათუმში იმყოფებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2 თანამშრომელი, რომლებმაც კონფერენციის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს სამართლებრივ საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში მოქმედმა ყველა შემსყიდველმა ორგანიზაციამ ტენდერები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა ჩაატაროს.

კონფერენციაზე განიხილეს როგორც სამართლებრივი, ასევე სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საინფორმაციო შეხვედრებს აგვისტოდან მართავს. ამ დრომდე ასეულობით შესყიდვების სპეციალისტის ინფორმირება და სწავლება მოხდა. სისტემის პრეზენტაცია ასევე კერძო ბიზნესისთვის ჩატარდა - 25 ოქტომბერს საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს ასოციაციების წევრებისათვის და 11 ნოემბერს, საქართველო-საფრანგეთის ბიზნეს-საბჭოს, საქართველო-გერმანიისა და შვეიცარიის ბიზნეს-ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის.

გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 26 ნოემბერს 6 ტრენინგ–ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად ტრენინგ–ცენტრები უზრუნველყოფენ ტრენინგ-კურსის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მოხმარების წესი ორგანიზებას და ჩატარებას შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, პოტენციური მიმწოდებლებისათვის და სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი სხვა პირისათვის. მემორანდუმის თანახმად, ტრენინგები უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სასწავლო მასალების (სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო, ვიდეო გაკვეთილები და სხვ.) შესაბამისად.