სიახლეები/განცხადებები   საქართველო - მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენე
23.02.2015
  
 
საქართველო -   მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენების წარმატების ისტორია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიღწევების შესახებ არის საუბარი სტატიაში, რომელიც 2015 წლის თებერვალში მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სტატიაში ყურადღება  ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გატარებულ რეფორმებს, ერთიანი ელექტრონული სისტემის საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით მსოფლიო ბანკის ტენდერების ჩატარების საკითხებს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმატებულ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.
2012 წელს მსოფლიო ბანკმა დაიწყო საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემის შეფასება, რომლის მიზანს მისი მსოფლიო ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.  შეფასებამ გამოავლინა სფეროები, რომელიც საჭიროებდა  ცვლილებას და დახვეწას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თითქმის ორწლიანი ინტენსიური შიდა სამუშაოებით და სამთავრობო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაატარა ეს ცვლილებები. მსოფლიო ბანკმა დაიწყო საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემის მეშვეობით სამშენებლო დარგის  პროექტების  შესყიდვა, რომლის  ხელშეკრულების ღირებულება  10 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებია, ასევე საქონლის შესყიდვა, რომლის ღირებულება ერთი მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია.
სახელმწიფო შესყიდვები სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 14 ტენდერი, რომლის საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 22 მილიონ აშშ დოლარზე მეტს  და იგი მოიცავს გზების, შენობების, კანალიზაციის და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღნიშნავს სტატიის ავტორი.
საგულისხმოა, რომ შესყიდვების სააგენტოს მნიშვნელოვანი მიღწევები ასევე აღიარა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათ შორის: OECD (the organization for economic co-operation and development – ეკონომიკური თანამშორმლობის და განვითარების ორგანიზაცია) ,  United Nations (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) და  Transparency International (საერთაშორისო გამჭირვალობა). ამ უკანასკნელმა, 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო დაასახელა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის  საუკეთესო ქვეყნად, - ნათქვამია სტატიაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კვლავ განაგრძობს რეფორმებს და ამჟამად  მუშავდება არაერთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და მიმართული იქნება სახელმწიფო სახსრების რაციონალური, ეფექტური და გამჭვირვალე ხარჯვისაკენ.