სიახლეები/განცხადებები   რეკომენდაცია მიმწოდებლის მიერ მნიშვნელოვნად დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში
06.12.2013
  

1447

 

გარკვეულ შემთხვევებში მიმწოდებლების მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება საბოლოო ფასი, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალია შემსყიდველი ორგანიზაციის მერ განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება დაფუძნებული უნდა იყოს ბაზრის კვლევაზე და ანალიზზე, მიმწოდებლის მიერ სისტემაში მნიშვნელოვნად დაბალი საბოლო ფასის დაფიქსირება სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, შესაძლოა იწვევდეს ეჭვს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობის თაობაზე. ასეთ შემთხვევებში სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისთვის  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უწევს რეკომენდაციას შემსყიდველ ორგანიზაციებს:

სატენდერო დოკუმენტაციაში გაითვალისწინონ შემდეგი პირობა:  იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე,  შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა.

გამომდინარე იქედან, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შესახებ დასაბუთების წარდგენა მიმწოდებლის მიერ უკავშირდება დამატებითი დროისა და მატერიალური რესურსების დანახარჯებს, აღნიშნული მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ტენდერის გამოცხადებამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და მეტი დრო დაუთმოს ბაზრის კვლევას და ანალიზს მისთვის საჭირო ხარისხის შესყიდვის ობიექტების საბაზრო ღირებულების დადგენისა და სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრის მიზნით.