სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა საყურადღებოდ!
26.08.2014

1704

 

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც:

– მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას   გამარტივებული შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წერილობით უთანხმებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.

 სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის რეგისტრირებულ მომხმარებლებს (შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებლებს) ოფიციალური კორესპონდენცია გაუგზავნოს სისტემაში მათი ორგანიზაციის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც უნდა დადასტურდეს კორესპონდენციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნის შესახებ შედგენილი აქტით.

 ახლებურად მოწესრიგდა შავ სიის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ:

 

  • პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხის გადასაწყვეტად განისაზღვრა 2-თვიანი ვადა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში,  შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით;
  • შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, ნაცვლად „არასრულად“ შესრულებისა;
  • შემსყიდველ ორგანიზაციას სააგენტოში შეუძლია წარმოადგინოს შეტყობინება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დასარეგისტრირებლად იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
  • შემსყიდველი ორგანიზაცია შავ სიასთან დაკავშირებულ შეტყობინებას აღარ დაურთავს იმ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში;
  • შემცირდა გაფრთხილების მიღების ოდენობა, კერძოდ, შავ სიაში დარეგისტრირებამდე პრეტენდენტს/მიმწოდებელს შესაძლებელია მიეცეს მხოლოდ ერთი (ნაცვლად ორისა) გაფრთხილება.

 

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, №9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნა სხვა ცვლილებებიც, რომლებიც ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროცედურების შემდგომ დახვეწას.

 

ცვლილებების შესახებ დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.