სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში SIGMA-ს მისიის სამუშაო ვიზიტი დასრულდა
24.10.2014

1766

 

24 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  SIGMA-ს (ევროკავშირისა და OECD-ის ერთობლივი ინიციატივა; მართვისა და მმართველობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა) მისიის ოთხ დღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტი  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობდა და მისი  მიზანი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს განხილვა იყო.

სამუშაო შეხვედრებზე  იმსჯელეს იმ სფეროებზე, რომლებიც  ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ძირითად სტანდარტებთან და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოებისათვის, საჭიროებს შემდგომ დახვეწას.

 „ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები იყო, მათ შორის, ჩვენთვის, ექსპერტებისათვის. უკეთ გავეცანით არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შემდგომი თანამშრომლობის პროცესს“, - ასეთი შეფასება მისცა ვიზიტის დასრულებისას OECD / SIGMA - ს საჯარო შესყიდვების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა ბატონმა დანიელ ივარსონმა. მისი თქმით, „აღსანიშნავია სამუშაო შეხვედრებში მონაწილეთა დიდი რაოდენობა და დაინტერესება, მათი აქტიური ჩართულობა. დასმული შეკითხვებისა და წამოჭრილი საკითხების საფუძველზე გამოვლინდა სამომავლო ღონისძიებების, სემინარების შესაძლო აქტუალური თემები. შესაბამისად, SIGMA შეძლებს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერის გაგრძელებას და ნაყოფიერ თანამშრომლობას,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

სემინარს ესწრებოდნენ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრის აპარატის და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები.