სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სისტემებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას მომავალ წელს საქართველო უ
03.06.2014

1588

 

2014 წლის 27-30 მაისს თურქეთის  ქალაქ  სტამბოლში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.  ღონისძიებაში საქართველოდან  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი დავით მარღანია მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკი (EBRD), ისლამური განვითარების ბანკი, SIGMA და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) იყვნენ. აღნიშნული კონფერენცია უკვე მეათედ ჩატარდა და მასში ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყნის  100-ზე მეტი ექსპერტი იყო ჩართული.

კონფერენციაზე სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელების გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს  ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ხორვატიის, საქართველოს, კოსოვოს, ყირგიზეთის, ყაზახეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუმინეთის, რუსეთის, სლოვენიის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენლებმა სამი ძირითადი მიმართულებით: 1.  სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შეფასება საკანონმდებლო კუთხით  და მისი იმპლემენტაცია სახელმწიფო ინსტიტუტებში;  2. შემსყიდველი ორგანიზაციების ტენდერებში მონაწილეობის რისკების შეფასების შესაძლებლობები, ხარისხიანი და ეფექტური შესყიდვების მიღწევის მიზნით; 3. დადებული ხელშეკრულებების ეფექტიანობების შეფასებები.

მსოფლიო ბანკის თურქეთის რეგიონალური დირექტორის ბატონ მარტინ რაიზერის შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვების ძლიერი სისტემა საფინანსო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა და საჯარო სექტორის უკეთ მართვის საშუალებაა; გამჭვირვალე სატენდერო დოკუმენტაცია და პროცესები, დამოუკიდებელი შესყიდვების სააგენტო, რომელიც ადგენს სტანდარტებს და მონიტორინგს უწევს მათს აღსრულებას,  დამოუკიდებელი დავების საბჭო, ასევე, შესყიდვების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაში ინვესტირება  და ახალი ტექნოლოგიები არის გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს  წესებზე დაფუძნებული შესყიდვების სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, - აღნიშნა მან.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პრეზენტაციას კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ექსპერტთა მხრიდან კიდევ ერთხელ დიდი გამოხმაურება და მაღალი ინტერესი მოჰყვა.

„სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემების ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენმა ქვეყანამ ამ კუთხით გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია. თუმცა,  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განვითარების და პროცედურების დახვეწის მუდმივი პროცესი სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის გარანტია“, - განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონმა ლევან რაზმაძემ.

კენჭისყრის საფუძველზე სტამბოლის კონფერენციაზე გადაწყდა, რომ 2015 წელს საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება და იგი ჩატარდება ბათუმში.

 

საკონტაქტო პირი:

ეკა გაბადაძე

კომუნიკაციების მენეჯერი

მობ : +995 577 24 44 54

თბილისი, 0160, პეკინის 28

egabadadze@procurement.gov.ge

www.procurement.gov.ge