სიახლეები/განცხადებები   გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის ანგარიში
24.06.2016
  
 

გამარტივებული შესყიდვების განხორციელების
მიმდინარეობის ანგარიში
(2015 წლის 1 ნოემბერი -  2016 წლის 1 ივნისი)
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გააანალიზა სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საფუძვლით განხორციელების სტატისტიკური მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც გამოიკვეთა გამარტივებული შესყიდვების მკვეთრი შემცირების ტენდენცია.

2015 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  კანონში განხორციელებული ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ, თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან. ამავდროულად, ამოქმედდა გამარტივებული შესყიდვების შეთანხმების ელექტრონული მოდული, რომელიც საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დახარჯული სახელმწიფო სახსრების კონტროლი. გამარტივებული შესყიდვების განხორციელების შეთანხმებაზე გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ მიიღება ოპერატიულად,  3 დღის ვადაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ არ ყოფილა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არც ერთი შემთხვევა.

ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან 2016 წლის 1 ივნისამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სულ შემოსულია 3,078 განცხადება, რომელთაგანაც თანხმობა გაიცა 2,192 განცხადებაზე. ხოლო 886 განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მთლიანი განცხადებების 29%-ს შეადგენს.  

რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეთანხმების დეტალურ სტატისტიკას (2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით), იგი ასე გამოიყურება:
  • „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლით გამარტივებული  შესყიდვის რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში შემცირდა 43%-ით;
  • სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დანიშნულების ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში შემცირდა 30%-ით.
საგულისხმოა, რომ მოდულის ამოქმედებამდე „ექსკლუზიური უფლებამოსილებისა“ და „ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით“ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები არ თანხმდებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და შემსყიდველი ორგანიზაცია დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას აღნიშნული საფუძვლებით შესყიდვის განხორციელებაზე. კლების ტენდენციას ხაზს უსვამს შესაბამისი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით გამარტივებულ შესყიდვაზე განცხადებების 24%-ზე უარი გაიცა. ხარისხის გაუარესების საფუძვლით გამარტივებულ შესყიდვაზე უარი გაიცა 50%.

7 თვის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა იმ საფუძვლებით, რომლებზეც თანხმობას 2015 წლის 1 ნოემბრიდან გასცემს  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, შემცირებულია, დაახლოებით, 39%-ით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ერთი წლის გამარტივებული შესყიდვების განხორციელების სტატისტიკურ მონაცემებს დეკემბერში გამოაქვეყნებს.