სიახლეები/განცხადებები   ​სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენ
11.07.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგები


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს  მონიტორინგს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით.
 
მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი თანამდებობის პირთა, ასევე, შესაბამისი სატენდერო კომისიების თავმჯდომარეთა და კომისიის წევრების მიმართ.
 
2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევებზე  შედგა 101 სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც დადგენილი წესით განსახილველად გადაეცა სასამართლოს. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა 203 პირი - სატენდერო კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის წევრები.
 
2016 წელს, ექვსი თვის განმავლობაში შედგენილია 49 სამართალდარღვევის ოქმი, რომელთა საფუძველზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა სატენდერო კომისიების 190 წევრი.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიზით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ყველაზე ხშირად ირღვევა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1595 (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა) და 1596 (სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა) მუხლები.
 
ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სააგენტომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი დარღვევები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სათანადო მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, დადგენილი წესით გადაეგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს შეუქცევად ბრძოლას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევების გამოსავლენად და მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, განუხრელად დაიცვან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.