სიახლეები/განცხადებები   აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრის არჩევნები 2018 წლის 2 მარტს გაიმართება
27.02.2018
   
 
 
აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები 2018 წლის 2 მარტს გაიმართება


2017 წლის 23 დეკემბერს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ახალი შემადგენლობა. აღნიშნული შემადგენლობის საბჭო განიხილავს იმ ელექტრონულ ტენდერებთან და კონკურსებთან დაკავშირებით შემოტანილ საჩივრებს, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ზემოხსენებული საბჭოს შემადგენლობაში კანონით განსაზღვრულ სხვა პირებთან ერთად შედის აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი.
2018 წლის 2 მარტს, 12:00 საათზე, გაიმართება აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები.
არჩევნები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8. არჩევნების ჩატარებისათვის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
საბჭოს წევრის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს).
ხმის მისაცემად აკადემიური წრეების წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს ოფიციალური დოკუმენტი/მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი აკადემიური წრეებისადმი კუთვნილებას.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველი აკადემიური წრეების წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1y6mjBx_1JTOhfzJ5ZWoD0z1Tf1-OIQh_lh5K05laZjc/prefill
არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება აკადემიური წრეების არანაკლებ 3 წარმომადგენელი.
არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრის გზით. აკადემიური წრეების ერთი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება აკადემიური წრეების წარმომადგენელთა სხდომის ოქმით.
აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით.
 
საკონტაქტო პირი: 
ია შავერდოვი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს აპარატის უფროსი
ელ. ფოსტა: ishaverdovi@spa.ge