სიახლეები/განცხადებები   მეექვსე შეხვედრა ბიზნესსაზოგადოებასთან
20.07.2016
  
 
დღეს, 2016 წლის 20 ივლისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები ავეჯის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდნენ.
ეს უკვე რიგით მეექვსე შეხვედრაა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარემ ბიზნესმენებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მიმწოდებლების დიდი ინტერესი გამოიწვია ცვლილებამ, რომელიც 1 ივლისიდან შევიდა ძალაში. კერძოდ, ტენდერის გამოცხადების ერთ-ერთმა მეთოდმა, ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ე.წ. ორ ეტაპიანი ტენდერის პროცედურებზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა დავით ჯაიანმა ბიზნესმენებს სატესტო ვერსიაში უჩვენა, თუ როგორ იმუშავებს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ეს მეთოდი. აღნიშნული სიახლე 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
შეხვედრაზე ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან ტარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.
შემდეგი, რიგით მეშვიდე შეხვედრა ბიზნესსაზოგადოებასთან 3 აგვისტოს გაიმართება და კვების პროდუქტების მიმწოდებელი ორგანიზაციები იქნებიან მოწვეულები.
დეტალური ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.