სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში მორიგი აქტივობები განახორციელა
28.12.2015
    
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში მორიგი აქტივობები განახორციელა
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შემდგომი სრულყოფისა და დეტალიზაციის მიზნით, ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტები გამოსცა, კერძოდ:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №1784 განკარგულებით დამტკიცდა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ზოგიერთი არამართლზომიერი ქმედების გამოვლენის მეთოდოლოგია და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესაძლო კორუფციული რისკების არსებობის შემსწავლელი და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო წინადადებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი“;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის № 170 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს ევალება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საჯარო ფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და კორუფციული რისკების შესამცირებლად, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ამაღლდეს გამჭვირვალობის დონე, შეიქმნას მეტად სამართლიანი  და კონკურენტუნარიანი გარემო, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კორუფციული რისკები.
 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებისა და დაცვის მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგია, რომლის დანიშნულებაა არა მხოლოდ არამართლზომიერ ქმედებათა გამოვლენა და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ, პირველ ყოვლისა, შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფრიად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მასშტაბით სააგენტოს როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომპონენტში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, არამართლზომიერი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტების შექმნისა და დანერგვის ვალდებულება სახელმწიფოს აღებული ჰქონდა სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცდა, ასევე, „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“, რომლის მიზანია, განსაზღვროს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდები, წესები და პირობები. აღნიშნულ ნორმატიულ აქტს საფუძვლად დაედო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომელიც სააგენტოს ავალდებულებდა ნორმატიული აქტით მოეწესრიგებინა სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის აღნიშნული სამართლებრივი აქტები  ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან.