სიახლეები/განცხადებები   ცვლილებები ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით
07.04.2015
   
 
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანებით ცვლილებები შევიდა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანებაში.
 
განხორციელებული ცვლილების  შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტ  ორგანიზაციას აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე. შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით (ინვოისით) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, ცვლილებების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, უარი თქვას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნაზე.
აღნიშნული ცვლილებების შეტანა განაპირობა იმან, რომ მიმწოდებლების მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი, ცალკეულ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად დაბალი იყო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება უნდა ეფუძნებოდეს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, მიმწოდებლის მიერ სისტემაში სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში  მნიშვნელოვნად დაბალი საბოლო ფასის დაფიქსირება ბადებდა კითხვებს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობის თაობაზე.
ხაზგასასმელია ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ  ინიცირებული ეს ცვლილება  2013 წლის 6 დეკემბრიდან იქნა შემუშავებული, როგორც რეკომენდაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  გაითვალისწინა  რა ამ საკითხის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციების  სრული მხარდაჭერა და ის გარემოება, რომ ამ ნოვაციამ პრაქტიკაში კარგად იმუშავა,     მიიღო გადაწყვეტილება,  რეკომენდაციებს მისცემოდა  ნორმატიული დატვირთვა.
და ბოლოს, აღვნიშნავთ, რომ ზემოხსენებული  ნორმა გავრცელდება მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდეგ გამოცხადებულ ტენდერებზე.