სიახლეები/განცხადებები   საქართველოდან დელეგაცია გერმანიის საჯარო შესყიდვების პრაქტიკას გაეცნო
14.12.2015
  
 
საქართველოდან დელეგაცია გერმანიის საჯარო შესყიდვების პრაქტიკას გაეცნო
 
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და მოწვევით 2015 წლის 7-11 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია საქმიანი საინფორმაციო-გაცნობითი ვიზიტით გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის დედაქალაქ დიუსელდორფში იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, მოადგილე კახა დემეტრაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დიმიტრი გულისაშვილი და ექსპერტ-ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი.
ქართულმა მხარემ შეხვედრები გამართა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის სახელმწიფო კანცელარიაში, ინდუსტრიისა და ვაჭრობის პალატაში, GIZ-ის რეგიონალური წარმომადგენლობის ოფისსა და ორ სპეციალიზებულ იურიდიულ ბიუროში - კაპელმანის იურიდიულ ოფისსა „Kapellmann Lawyer Office“ (Düsseldorf)  და საადვოკატო ბიუროში „RWP Rechtsanwälte“, Düsseldorf , რომლებიც საჯარო შესყიდვებში აქტიურად არიან ჩართულები.
საქართველოს დელეგაცია გაეცნო გერმანიაში მოქმედ კანონმდებლობას საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ადგილობრივი მერიების, მიწის, ქალაქებისა და კომუნების დონეზე შესყიდვების პრაქტიკას, გამოცდილებასა და ელექტრონულ სერვისებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა ვიზიტს და აღნიშნა:
პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდით გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას, ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტის, საინტერესო პროგრამისა და მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებისათვის. ეს ვიზიტი რეფორმების განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციისათვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით.