სიახლეები/განცხადებები   ამოქმედდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ახალი წესი
22.05.2015
   
 
2015 წლის 21 მაისს მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №5 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა რეგისტრაციის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების რეგისტრაციის (დამატების), რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებში ცვლილებების შეტანის, რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. წესი ამოქმედდა 2015 წლის 22 მაისიდან.
 
დღემდე სისტემაში რეგისტრაციის წესი განისაზღვრებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

 
ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების საჭიროება წარმოშვა ბოლო დროს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის ანალიზმა.
 
ბრძანება დეტალურად ადგენს, თუ რომელი შემსყიდველი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სისტემაში რეგისტრაციას და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო. ბრძანება აგრეთვე არეგულირებს ბიზნესის წარმომადგენელთა ტენდერებში მონაწილეობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს,  განსაზღვრავს  სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლების სახეებს და უფლებამოსილებებს, სტუმრის  (არარეგისტრირებული მომხმარებელი) სტატუსს და ინფორმაციას, რომელსაც იგი ეცნობა სისტემაში, ასევე მომხმარებელთა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის წესსა და სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
 
მნიშვნელოვანია რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციის საკითხი, რაც ნიშნავს მომხმარებლისთვის სისტემაში აქტიური (მოქმედი) სტატუსის ჩამორთმევას, იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობს ამა თუ იმ სუბიექტის შემსყიდველ ორგანიზაციად ან მიმწოდებლად სისტემაში რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმას, რომ სისტემითა და შესაბამისი პრივილეგიებით არ ისარგებლონ არასათანადო პირებმა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ასეთი მომხმარებლებისგან სისტემის განტვირთვას და მისცემს სააგენტოს ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას.