სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
04.06.2018
    
 
გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლის ზამთრის სეზონისათვის (2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე) საჭირო მცირე ტვირთამწეობის საბურავების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. კონსოლიდირებული ტენდერები გამოცხადდება R12-დან R21-ის ჩათვლით რადიუსის მქონე მცირე ტვირთამწეობის საბურავების შესყიდვაზე.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 18 ივნისისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, სატენდერო კომისიას მიაწოდოთ ინფორმაცია იმ საბურავების შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ ზამთრის სეზონისათვის (01.11.2018 – 28.02.2019 პერიოდისათვის) და რომლებიც განკუთვნილია წლის მოცემულ სეზონზე ექსპლუატაციისათვის.
საბურავების გეგმის წამოდგენისას, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კომისიის რეკომენდაციას საბურავების სეზონურობისა და ექსპლუატაციის პირობების შესახებ და თქვენი მოთხოვნა ჩამოაყალიბოთ მასში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად. რეკომენდაცია ითვალისწინებს შემდეგს: სედანისა და C-ბორტის ტიპის ავტომანქანების შემთხვევაში მიზანშეწონილია მოითხოვოთ მხოლოდ ზამთრის სეზონის საბურავები, ხოლო ჯიპისა და პიკაპის ტიპის შემთხვევაში შესაძლებელია მოითხოვოთ ზამთრის, ყველა სეზონის, M+S და სპეციალიზირებული (AT/MT) საბურავები.
გაითვალისწინეთ, რომ მოწოდებული ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერების სწორი დაგეგმვისათვის. ვინაიდან ქარხანა მწარმოებლები 1 სექტემბრიდან წყვეტენ შეკვეთების მიღებას ზამთრის სეზონის საბურავების დამზადებაზე, შესაბამისად  შეუძლებელია მათი დაკვეთა და საქართველოში იმპორტი განხორციელდეს ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით. ამრიგად, წარდგენილი გეგმების მაქსიმალური სუზუსტე და მათი შესაბამისობა ფაქტობრივ ათვისებასთან  ძალზედ მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული ტენდერის გამართული ფუნქციონირებისა და  საქონლის ჯამური საორიენტაციო რაოდენობის განსაზღვრისათვის, ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქონლის შეუფერხებელი მიწოდებისათვის.
წარმოდგენილი გეგმების უხეში შეუსაბამობა ფაქტობრივ ათვისებასთან გამოიწვევს შემსყიდველი ოგანიზაციის პასუხისმგებლობას, რათა მაქსიმალური სიზუსტით იქნეს ათვისებული მოთხოვნილი რაოდენობა ან წარადგენილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება სატენდერო კომისიის წინაშე.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge მოცემული ველები.  
იმ შემთხვევაში, თუ არ გეგმავთ ზამთრის სეზონისათვის საჭირო საბურავების ზემოაღნიშნულ შესყიდვას, არ წარმოადგინოთ არანაირი ინფორმაცია.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი:
+322 248 48 22
ელ-ფოსტა:  tire2018 spagovge <tire2018@spa.gov.ge>