სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვების შე
15.06.2018
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს იწყებს
 
USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.  პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს ქალაქ ბათუმში შედგა, რომელსაც აჭარის ა/რ-ის მცირე და საშუალო  ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრები საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: გორში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გაიმართება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარალელურად,  თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლს ატარებს.  პროექტისთვის 15  მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული  წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  გადამზადების ინტენსიური კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და  ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის ტრენერებმა  ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული ტრენერები რეგიონებში დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწვდიან   შესაბამის ინფორმაციას  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.
USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე  შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ელექტრონული სერვისების შესწავლაში დაეხმარება.
 
 
G4G - მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის  ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
 
უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

1.jpg