სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
31.12.2020
  
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 2 ივლისის №6730-რს საქართველოს კანონით კარდინალური რეფორმირება განიცადა დღეს მოქმედმა დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის სამართლებრივმა ფორმამ. იმავდროულად, გაიზარდა დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა ნუსხა. ხსენებული კანონითვე განისაზღვრა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ამგვარი გადაწყვეტილების შესაბამისი წესით გამოქვეყნების ვალდებულება ეხება გამარტივებული შესყიდვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა საფუძველს.
 
ზემოხსენებული საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ცვლილება განიცადა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებამ და დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებებისა, მათ შორის, განისაზღვრა შემდეგი:
 
• თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ზემოხსენებული ბრძანების დანართის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში;
 
• შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (გარდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის შემთხვევისა);
 
• იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და საბჭო სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან გონივრულ ვადაში, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასინჯოს ან გააუქმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება;
 
განხორციელებული ცვლილებებით ასევე განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმების განსხვავებული წესიც და დადგინდა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულებისაა გამარტივებული შესყიდვა, სააგენტოსთან შეთანხმებას კვლავ დაექვემდებარება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვა. ამასთან, განსხვავებული მიდგომა დადგინდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიმართ და ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ ასეთი საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოსთან შეთანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება ნაკლებია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე.
 
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან.