სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
24.02.2021
  
 
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში, რომლითაც გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან მიმართებით, დადგინდა განსხვავებული წესი, მათ შორის, განისაზღვრა შემდეგი:
 
• თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5 000 ლარს, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ სისტემაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირთან. ამასთან საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება არარეზიდენტ პირთან;
 
• თუ გამარტივებული შესყიდვა მოიცავს რამდენიმე შესყიდვის ობიექტს და საქონელთან ან/და მომსახურებასთან ერთად, ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს/მომართვა წარადგინოს ცალკე;
 
• თუ ხორციელდება გამარტივებული შესყიდვა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, გადაწყვეტილებასთან ერთად სისტემაში ატვირთოს მიმწოდებლის ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს მომართვის წარდგენამდე/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული იქნება კონკრეტული ვადით და აღნიშნული ვადა არ იქნება ამოწურული;
 
• ხელშეკრულების შესრულების ვადის უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების შესრულების ვადის ცვლილების სააგენტოსთან შეთანხმებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს სააგენტოსთვის „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადა.
 
ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის 1 მარტიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.


მიბმული ფაილები