სიახლეები/განცხადებები   ევროკავშირის პროექტმა ხელი შეუწყო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში რეფორმების განხორციელებას
01.04.2021
  
 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ დასრულდა. პროექტის იმპლემენტაცია განახორციელა ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალურმა სააგენტომ და სლოვენიის რესპუბლიკის დავების განხილვის ეროვნულმა კომისიამ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იყო პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი, თუმცა პროექტმა ასევე მოიცვა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში წარმოდგენილი სხვა მხარეებიც, მათ შორის საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.  
საქართველოს მთავრობა ნერგავს ევროკავშირთან დაახლოებულ მდგრად და მოდერნიზებული საჯარო შესყიდვების სისტემას, საერთაშორისოდ აღიარებული გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
შემდგომ ფაზაში გადავიდა საქართველოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზების პროცესი, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ქართული კომპანიების წვდომას ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარზე. ბაზრების გახსნა დაკავშირებულია საქართველოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროკავშირის შესაბამის ნორმებთან თანმიმდევრულ დაახლოებასთან.  
პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო აქტების დეტალურ განხილვას. პროექტის ექსპერტებმა სააგენტოს ასევე აღმოუჩინეს მხარდაჭერა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე მეორადი კანონმდებლობისა და „გაიდლაინების“ შემუშავების პროცესში. ეს პროცესი ითვალისწინებდა კონსულტაციებს ევროკავშირის კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან თავსებადობაში მყოფი რეგულაციების იმპლემენტაციაზე, ასევე კომუნალურ სექტორში შესყიდვების შესახებ თემატურ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საჯარო უწყებებისა და კერძო კომპანიებისთვის  კომუნალურ სექტორზე ევროკავშირის დირექტივების ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებების  სრულფასოვანი მიმოხილვის წარდგენას. საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი გადაეგზავნა ევროკომისიას, რომელმაც მოიწონა კანონპროექტის საბოლოო ვერსია. უახლოეს მომავალაში დაიწყება კანონპროექტის საჯარო განხილვებისა და პარლამენტში მიღების პროცესი.
ორ წელზე მეტი ხნის ერთობლივი ინტენსიური ძალისხმევისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, პროექტის გუნდმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიაღწია შემდეგ შედეგებს: ევროკომისიაში შეთანხმდა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა დავების განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაციული ორგანოს შექმნასთან დაკავშირებული ახალი სამართლებრივი რეგულაციები და ამჟამად, ახლად შექმნილი საბჭო სრულად ქმედითია. დამატებით, განვითარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე უამრავი შემსყიდველი ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი მხარეების უნარ-შესაძლებლობები, რაც საშუალებას აძლევს მათ უკეთ გაუმკლავდნენ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებსა და მოსალოდნელ გამოწვევებს.

pic1.png