სიახლეები/განცხადებები   არასამთავრობო სექტორის საყურადღებოდ!
07.11.2018
  
 
იწყება დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება არასამთავრობო
ორგანიზაციებიდან


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრების შერჩევის  მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება.
საბჭოს წევრობის ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 2 წევრი.
განაცხადების წარმოდგენის ვადა: 2018 წლის 7 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით.
საბჭოს წევრის ფუნქციებია: საჩივრის განხილვის სხდომებში მონაწილეობა და საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული  „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
 
განმცხადებლის მიერ წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:
  • CV;
  • განათლების დამადასტურებელ დოკუმენტი;
  • წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაკავებული თანამდებობის დასახელება, ამ თანამდებობის დაკავების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ვადა;
  • წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინება;
  • დამატებით ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).
 
საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებად ან შეუთავსებელ საქმიანობად ითვლება:
  • შემსყიდველ ორგანიზაციაში ან მიმწოდებელთან დასაქმება, ასევე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველად/პრეტენდენტად/მიმწოდებლად ყოფნა;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა;
  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.
 
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dispute@procurement.gov.ge განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ ზემოხსენებულ ვადაში.
განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მათ გადარჩევას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი.
ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა. აღნიშნული კანდიდატი უნდა მუშაობდეს ამავე არასამთავრობო ორგანიზაციაში.
დაინტერესებული პირების ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადთა მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. არჩვენები იმართება საჯაროდ. საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს), რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა. არჩევნების დანიშვნის დრო და ადგილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამატებით ეცნობებათ.
არჩევნების შედეგად გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი საბჭოს წევრად ითვლება მისი არჩევიდან ან, თუ ჯერ არ გასულა საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადა – შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით.
საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
 
საკონტაქტო პირი: 

ია შავერდოვი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს აპარატის უფროსი
ელ. ფოსტა: IShaverdovi@spa.ge
www.procurement.gov.ge