სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა
06.07.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 6 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ილია ბეგიაშვილი. შეხვედრას ტრანსპორტის სფეროს ოცზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ბატონმა ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში: „მომწოდებლებს, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში, გავარკვევთ, თუ რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს მათ საქმიანობაში და ჩვენი მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. მნიშვნელოვანია იმ საკითხების, ცვლილებების გაცნობაც, რომელიც ჩვენ სისტემაში მიმდინარეობს. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემა არის ცოცხალი ორგანიზმი, ყოველდღიურად საჭიროებს მხარდაჭერას, ინერგება ცვლილებები და სიახლეები! სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენებთან ჩატარებული წინა შეხვედრების შედეგები უკვე აისახა საკანონმდებლო და სარეკომენდაციო დოკუმენტებში.
 
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლაცაბიძემ და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა კოტე გუგეშაშვილმა უპასუხეს ბიზნესმენთა შეკითხვებს.
 
ავტო იმპორტიორთა კავშირის დირექტორის მიხეილ ალხანიშვილის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. კომპანიებს, ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავისი მოსაზრებები შესყიდვების სისტემასტან დაკავშირებით. ასევე, მივიღეთ ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ბევრი რამ  უკეთესობისკენ იცვლება, უფრო იხვეწება და სრულყოფილი ხდება შესყიდვების სისტემა. იმედია, ეს ურთიერთობა გაგრძელდება და ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა იქნება შედეგიანი და სასარგებლო ორივე მხარისთვის“.
 
შეგახსენებთ, რომ ბიზნესთან შეხვედრის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო წინადადებები. შეხვედრები იმართება თვეში ორჯერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით შერჩეულ მიმწოდებლებთან.

20 ივლისის გაიმართება შეხვედრა ავეჯის მიმწოდებლებთან, ხოლო 3 აგვისტოს - კვების პროდუქტების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან.