სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პოტენციური მიმწოდებლების რანჟირების ახალი მოდული შექმნა
01.05.2017
  
 
2017 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას დაემატა კიდევ ერთი ახალი მოდული/სერვისი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება შესაბამის მიწოდების ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების იდენტიფიცირება და მათი რანჟირება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით. აღნიშნული მოდული შესაძლებლობას იძლევა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ამა თუ იმ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით თანხმობის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის მეშვეობით მიიღოს იმ კომპანიათა რეიტინგი, რომლებთანაც შესაძლებელია კონტრაქტის გაფორმება, შესყიდვის კონკრეტული ობიექტის გათვალისწინებით.
ახლად დანერგილი მოდული უზრუნველყოფს პოტენციური (რეკომენდირებული) მიმწოდებლების ჩამონათვალისა და კომპანიათა რეიტინგის სარეკომენდაციო სიის გენერირებას. დამატებით, მოდულის მეშვეობით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად გადაამოწმებს, განეკუთვნება თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში შერჩეული მიმწოდებელი რეკომენდირებულ პოტენციურ მიმწოდებელთა ნუსხას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია თავად წყვეტს ამა თუ იმ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს. ახალი მოდულის ამოქმედებიდან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ხელშეკრულება რეიტინგში არ მოხვედრილ კომპანიასთან. აღნიშნული სიახლე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის წარმოადგენს კიდევ ერთ, დამატებით შესაძლებლობას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მონიტორინგის განსახორციელებლად.
აღნიშნულ მოდულს ენიჭება მრავალმხრივი მნიშვნელობა შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისაც: მაგალითად, ტენდერის დაგეგმვისას, მიწოდების ბაზრის კვლევის ეტაპზე, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეძლება მარტივად მოახდინოს პოტენციური მიმწოდებლების იდენტიფიცირება შესყიდვის დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში, პრეტენდენტების რანჟირების მოდული იძლევა შესაძლებლობას, იდენტიფიცირებულ იქნას კონკურენტუნარიანი და სანდო პოტენციური მიმწოდებელი.
 
ტექნიკურად, რანჟირების მოდული სრულად ავტომატიზებულია - ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული ალგორითმი ავტომატურად ახდენს სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული მაჩვენებლების ანალიზს. კომპანიების რანჟირება ეფუძნება მხოლოდ თვლად, ობიექტურ მაჩვენებლებს, როგორიცაა მაგალითად, ტენდერებში გამარჯვებების მოპოვების პროცენტული მაჩვენებელი, კომპანიის ზოგადი წლიური შესაძლებლობები (ბრუნვა), მოდულის გამოყენების მომენტისთვის თავისუფალი რესურსის არსებობა (როგორც სხვაობა შესაძლებლობებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის), ტენდერების პროცენტული წილი, სადაც განხორციელდა კომპანიის დისკვალიფიკაცია (დისკვალიფიკაციის განსხვავებული საფუძვლებით), მიმწოდებლის არსებობა გაფრთხილებულ მიმწოდებელთა რეესტრში და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლე ქმნის კომპანიებისათვის სტიმულს, იყვნენ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, კვალიფიციურები და მაღალი პასუხისმგებლობის მქონენი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას.