სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
06.05.2015
  
 
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“  განხორციელდა    ცვლილებები.
 
  ბრძანების შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შედეგად   მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში,  შესაძლებელი გახდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, თუ:
  • ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-მდე და იგი იწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ზრდას 100 000 ლარზე მეტი ოდენობით; ან
  •  ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-ზე მეტით.
 
მიმწოდებლებს ეძლევათ უფლება მიმართონ  შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის მოთხოვნით და მას  წარუდგინონ  სსიპ  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა,  რომლითაც  უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას ზემოაღნიშნული გარემოებებით გამოწვეული მიმწოდებლის ხარჯის  ზრდა.  შემსყიდველი ორგანიზაცია განიხილავს  ექსპერტიზის წარდგენილ დასკვნას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ათანხმებს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდის საკითხს. საგულისხმოა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულების გაზრდასა და მის ოდენობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.  
 
ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდის ნაცვლად, ხელშეკრულების ღირებულების უცვლელად, დასაშვებია მისაწოდებელი საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს ოდენობის/მოცულობის შემცირება. ეს საკითხი ასევე საჭიროებს ექსპერტიზის დასკვნას. ამ შემთხვევაში  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა აღარ მოითხოვება.
 
   ექსპერტიზის დასკვნის გაცემისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის მიღებისთვის საჭირო ვადა მიმწოდებელს არ ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადაში. ეს ვადა ასევე არ იქნება გათვალისწინებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გამოთვლილისას, რაც დამატებით უნდა ასახონ მხარეებმა შეთანხმების დოკუმენტში, რომლითაც შედის ცვლილება ხელშეკრულებაში. ამ ნორმისაგან გამონაკლისია სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობის შეჩერება შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე.
 
ხაზგასასმელია, რომ ეს ცვლილებები ეხება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ იმ ხელშეკრულებებს,  რომლებიც დადებულ იქნა 2015 წლის 1 მარტამდე და იგი არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელებულ შესყიდვებზე, აგრეთვე იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელშიც ცვლილების ამოქმედებამდე უკვე განხორციელებულია ხელშეკრულების ღირებულების სრული ოდენობის წინასწარი ანგარიშსწორება ან რომელშიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულად და გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2015 წლის 30 აპრილიდან და მისი ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2824002