სიახლეები/განცხადებები   შეხვედრა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან
08.06.2016
  
 
შეხვედრა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან
 
2016 წლის 8 ივნისს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა რიგით მესამე შეხვედრა ბიზნესმენებთან, რომელსაც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიზნესმენებმა ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შექმნილ სირთულეებსა და საკანონმდებლო რეგულაციებზე, კონკრეტულ ტენდერებზე,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებს გაუზიარეს საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და შესთავაზეს პრობლემის გადაჭრის წინადადებები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა ბიზნესმენებს გააცნო ის სიახლეები, რომელთა ამოქმედება უახლოეს ხანებში იგეგმება:
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რამდენიმე რეკომენდაცია უახლოეს ხანში ვებგვერდზე დაიდება. ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგს, კერძოდ, ბიზნესისთვის მეტად აქტუალური თემა იყო ე.წ. თანხების დაგვიანებით გადახდევინების თემა. ცალკეულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან გაუმართლებლად მაღალ ვადებში ხდებოდა თანხის გადახდა. ჩვენი ინიციატივის მიზანია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში მოხდეს თანხის გადახდა იმ მიზნით, რათა ბიზნესმა ამ თანხის აკუმულირება შეძლოს ეკონომიკაში. მეორე ინიციატივა ე.წ. მაღალი საჯარიმო სანქციების - პირგასამტეხლოების შემცირებას ეხება, რაც ბიზნესს წლების განმავლობაში ფრიად აწუხებდა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, საჯარიმო სანქციების პროპორციულობისა და თანაბარზომიერების პრინციპზე დაფუძნებას“.
ზაზა ნანობაშვილმა ისაუბრა, აგრეთვე, ე. წ. ორ ეტაპიანი ტენდერის შესახებ (რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება), რომლის საშუალებითაც გამარჯვებულის გამოვლენა ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამების გზით მოხდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ამხანაგობების“ თემაზეც და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ბიზნესს მისცემს გაერთიანების, ამხანაგობების შექმნის,  და ამ ფორმით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით, ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.