სიახლეები/განცხადებები   ტენდერის გამოცხადება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე
01.07.2016
  
 
ტენდერის გამოცხადება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე
 
დღეიდან ამოქმედდა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივნისის №5 ბრძანება, რომლის თანახმადაც, დაინერგა გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდი – ტენდერის გამოცხადება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე.
2016 წლის 1 ივლისიდან შემსყიდველ ორგანიზაციებს ენიჭებათ უფლება-მოსილება, შესყიდვები გამოაცხადონ აქამდე არსებული მეთოდის გარდა, შესყიდვების ახალი მეთოდით.
ახალი მეთოდი ორდინალური ტენდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში, რომლის განმავლობაშიც პრეტენდენტს მხოლოდ ერთხელ აქვს უფლება, შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას. ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ტენდერში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერის შედეგად გააფორმებს ხელშეკრულებას და ტენდერს მიანიჭებს სტატუსს „ხელშეკრულება დადებულია“. ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, საჯარო აღარ გახდება და დარჩება დაფარული.
აღნიშნული სიახლე ემსახურება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მხრიდან უფრო მეტად გააზრებული სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირებას, აგრეთვე ტენდერში მონაწილეობისას მათ შორის შესაძლო გარიგებების გამორიცხვას.