სიახლეები/განცხადებები   უგანდისა და ეთიოპიის სამთავრობო დელეგაციისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტი
23.09.2015
   
 
უგანდისა და ეთიოპიის სამთავრობო დელეგაციისა და
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტი
 
2015 წლის 22-23 სექტემბერს აფრიკის ქვეყნების სამთავრობო დელეგაცია  ოფიციალური ვიზიტით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იმყოფებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში უგანდის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის უგანდისა და ეთიოპიის ოფისის წარმომადგენლები იყვნენ: უგანდის მთავრობიდან - ქალბატონი კორნელია კაკოოზა საბიიტი, ბატონი პატრიკ კაკემბო, ბატონი ედუინ მუჰუმუზა; მსოფლიო ბანკის უგანდის ოფისიდან დელეგაციის შემადგენლობაში შესყიდვების სპეციალისტები ქალბატონი გრეის მუსოკე მუნანურა და ბატონი ჰოუარდ ბარიირა ცენტენარი, ხოლო ეთიოპიის ოფისიდან შესყიდვების სპეციალისტი ბატონი ბენიამ ბედელუ იმყოფებოდნენ.
შეხვედრებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
ვიზიტის მიზანს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
დელეგაცია ორი დღის განმავლობაში ეცნობოდა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო რეგულაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობას, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შესახებ ინფორმაციასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის საქმიანობას.
ქალბატონი კორნელია კაკოოზა საბიიტი: უგანდაში ჩვენ ვნერგავთ ელექტრონულ შესყიდვებს, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობას და გამჭირვალობას. ამ ორ დღეში უამრავი რამ შევიტყეთ და  ვართ შთაბეჭდილებების ქვეშ, ელექტრონული შესყიდვების კუთხით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გატარებული რეფორმებით. გავეცანით ინსტიტუციურ სტრუქტურას, ერთიან ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც თქვენს მიერ გაკეთდა, საკუთარი ძალებით და ნამდვილად, ქების ღირსია. შთაბეჭდილება მოახდინა, ასევე, წლიურმა ანგარიშებმა, სადაც მოცემულია, თუ სად ხარჯავს თანხებს მთავრობა, ვინ არის მომხმარებელი, ვინ ახორციელებს ყველაზე მეტ შესყიდვას, და, ვფიქრობ ეს არის კარგი ანალიზი, რათა მთავრობამ მოახდინოს ხარჯების რაციონალიზაცია. ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოხდინა სააგენტოს სასწავლო ცენტრმა, გავეცანით სასწავლო მოდულებს, რომელიც გამოიყენება ტრენინგებში, სასწავლო პროგრამების სტრუქტურა არის გამართული. ტრენერები არიან შესყიდვების სააგენტოს გამოცდილი თანამშრომლები - ეს მათი განვითარების და ცოდნის დონეს უსვამს ხაზს. ყველაზე მეტად შთაბეჭდილება მოახდინა კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ ინფორმაციამ.  ამ ინოვაციის შედეგად, მთავრობა აკეთებს დანაზოგს შესყიდვებში, აცხადებს რა კონსოლიდირებულ ტენდერს სხვადასხვა მიმართულებით. გვჯერა, რომ ეს უზრუნველყოფს თანხების ეფექტიანად ხარჯვას. მთავრობა თავს არიდებს არასაჭირო ხარჯებს. ასევე, ძალიან  საინტერესო იყო მიმწოდებლების პოზიცია, რომლებსაც ესმით კონსოლიდირებული ტენდერის მიზანი და აქტიურ მონაწილეობას იღებენ მასში.  ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოითხოვს უდიდეს პოლიტიკურ ნებას.
ქალბატონმა საბიიტიმ უგანდის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გუნდს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.