შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ მცირე ტვირთამწეობის ზამთრის საბურავების (2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 31 იანვრის პერიოდისათვის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება. გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ CTD მოდულის საშუალებით, არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ!
გაცნობებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON230000153) გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდა - შპს „სავარძელი პლიუსი“ (ს/ნ 402202629).
სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.3. ქვეპუნქტის თანახმად, შპს „სავარძელი პლიუსი“ ვალდებულია ხელშეკრულებები გააფორმოს იმ შემსყიდველ ორგანიზაციებთან, რომლებიც მას მიმართავენ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, 2023 წლის 16 ივლისის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებელს საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად.
შესაბამისად, გთხოვთ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მთავარ გვერდზე (www.spa.ge), კონსოლიდირებული ტენდერების მოდულში, კერძოდ, მიმდინარე კონსოლიდირებულ ტენდერებში, იხილოთ ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ. გთხოვთ, იხ. ბმული...
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების სრულყოფილად და სტანდარტულად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის CMR მოდულში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება - ჩაიშალა დოკუმენტების ასატვირთი ველები და დაჯგუფდა თემატურად.
ამასთან, ასატვირთი ველების ჩამონათვალში გათვალისწინებულ იქნა როგორც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ველები („ხელშეკრულება/გათანაბრებული დოკუმენტი“, „ინტერესთა კონფლიქტის ხელწერილი“, „ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტი“, „შესრულების/შეუსრულებლობის დოკუმენტი“, „შემსყიდველის/მიმწოდებლის კორესპონდენცია“), ასევე, შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დაემატა ბაზრის კვლევის დოკუმენტ(ებ)ის ასატვირთი ველი („ბაზრის კვლევის დოკუმენტი“).
გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ზემოთაღნიშნული დოკუმენტების CMR-მოდულის შესაბამის ველში განთავსებას!
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში, სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებასა და „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში.
ცვლილებების შედეგად, ზემოაღნიშნული ბრძანებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან (2664-XIმს-Xმპ; 23.03.2023), რომლითაც გაიზარდა გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრები და შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა) შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ზემოაღნიშნული ბრძანებებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა 2023 წლის 19 აპრილიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (2664-XIმს-Xმპ; 23.03.2023; https://matsne.gov.ge/document/view/5756899?publication=0). განხორციელებული ცვლილების შედეგად, იზრდება გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრები. კერძოდ, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში — 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა) შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ზემოაღნიშნული ცვლილების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღე, შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევა 2023 წლის 19 აპრილიდან.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ
გაცნობებთ, რომ „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანების შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამის ტენდერში/კონკურსში სატენდერო/საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების/კონკურსების რაოდენობის შესაბამისად. დღესდღეობით მთელ რიგ შემსყიდველ ორგანიზაციებს აქვთ ზემოაღნიშნული საფასურის დავალიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ. მიუხედავად ყოველთვიური, პერმანენტული გაფრთხილებებისა, რომ დროულად დაფარულიყო ეს დავალიანება, ცალკეულ შემსყიდველ ორგანიზაციებს ამასთან დაკავშირებით რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. სწორედ ამიტომ, ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, მათთვის სისტემით სარგებლობის უფლების შეზღუდვას არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე, 2023 წლის 1 მაისიდან სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების მქონე ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება დავალიანების სრულად გადახდამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და სრულად დაფაროთ სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანება 2023 წლის 1 მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე მთლიანად დაეკისრება დავალიანების არგადამხდელ შემსყიდველ ორგანიზაციას.
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე ( https://matsne.gov.ge/ka) გამოქვეყნდა სააგენტოს მიერ შემუშავებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე - https://matsne.gov.ge/document/view/5714621?publication=0
ასევე გაცნობებთ, რომ კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი.
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ შეიქმნა ახალი ოფიციალური ვებ-გვერდი – https://drc.gov.ge/. აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, დოკუმენტაცია და დაკავშირებული ელ.-სერვისები, მათ შორის, პირდაპირი კომუნიკაცია გასაჩივრების ელექტრონულ მოდულთან, საჩივრების შინაარსი და დაკავშირებული დეტალები, საბჭოს სხდომების განრიგი და განსახილველი საჩივრების ნუსხა, სხვა სასარგებლო დოკუმენტაცია, როგორიცაა სამართლებრივი აქტები, სახელმძღვანელოები და გადაწყვეტილებების განზოგადოებული პრაქტიკა.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დავების განხილვის საბჭოს აპარატს: (032) 2 44 07 70 (25-00); E-mail: Disputes@gnca.gov.ge
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
საკონფერენციო სკამის 2023 წლის კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ!
გაცნობებთ, რომ 2023 წლის განმავლობაში საკონფერენციო სკამის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON230000091) გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდა - შპს „ჯეო გრუპ“ (ს/ნ 423099587).
სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.3. ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯეო გრუპ“ ვალდებულია ხელშეკრულებები გააფორმოს იმ შემსყიდველ ორგანიზაციებთან, რომლებიც მას მიმართავენ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებელს საკონფერენციო სკამის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად.
შესაბამისად, გთხოვთ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მთავარ გვერდზე (www.spa.ge), კონსოლიდირებული ტენდერების მოდულში, კერძოდ, მიმდინარე კონსოლიდირებულ ტენდერებში, იხილოთ ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში საკონფერენციო სკამის კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ. გთხოვთ, იხ. ბმული...
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე იცვლება ბაზრის კვლევის განთავსების წესი. იხელმძღვანელეთ დანართში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ !
როგორც თქვენთვის ცნობილია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამოეყენებინათ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლი, რომელიც მოქმედებდა 2023 წლის 1 იანვრამდე და მისი მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. შესაბამისად, დადგენილებაში არსებულ დებულებებს არ აქვს სამართლებრივი ძალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“.
დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულია შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, რომელთა ხელმძღვანელსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას.
დადგენილების №2 დანართით განსაზღვრულია შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და მონეტარული ზღვრები, რომელთა ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი/კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურდიული პირების მიერ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინასწარ თანხმობას.
დადგენილების №2 დანართთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს: 0322 411 950; 0322 414 352. E-mail: info-ota@ssg.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
(გაფრთხილება!)
როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის № 2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ მათი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მათი შემდგომი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების მონიტორინგს, მათ შორის: შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის შესყიდვის ხელშეკრულებების დადების პროცესის ზედამხედველობას, მხარეთა მიერ შესყიდვის ხელშეკრულებებითა და კონსოლიდირებული ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;
გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის აპარატი მონიტორინგს უწევს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების დროულად ატვირთვის პროცესს, რის შედეგადაც გამოვლონდა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის ხშირი ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ შეძლოს საკუთარი ფუნქციების განხორციელება, გთხოვთ შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებები ატვირთოთ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველებში, არაუგვიანეს მათი დადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
პატივისცემით,
კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, შერჩევა/შეფასების დროს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტის - ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა) Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კერძოდ, „თეთრი სიის წარმოების წესსა და პირობებში“, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესსა“ და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“, ასევე, „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“.
განხორციელებული ცვლილებებით დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე მიმწოდებლების მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებებისა. მათ შორის, ახლებურად წესრიგდება თეთრ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივი შედეგი და თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი გათავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა სააგენტოში წარდგენაც სავალდებულოა თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. გარდა ამისა, იცვლება თეთრ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მარეგულირებელი მთელი რიგი დებულებებისა.
ამავე ცვლილებებით, დისკვალიფიკაციის საფუძვლად განისაზღვრა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო/საკონკურსო პირობებთან შეუსაბამობა. ამასთან, თუ პრეტენდენტი, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარს იტყვის აღნიშნულ დოკუმენტზე/ინფორმაციაზე მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად. ამავდროულად, დგინდება შეწყვეტის ოქმის დასაბუთების უფრო მაღალი სტანდარტი და შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული გარემოებები და არგუმენტები, რომლებმაც განაპირობა ტენდერის/კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის განხორციელებამდე გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. მითითებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის წარმატებით ჩატარების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისა და ბიზნეს წრეების ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაცია, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნები და უზრუნველყოფილ იქნას ელექტრონული ტენდერის წარმატებით განხორციელება.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.