სიხლეები   ელექტრონული შესყიდვების ფორუმი ვენაში გაიმართა
16.12.2015
  
 
2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ვენაში გაიმართა მსოფლიო ბანკისა (WB) და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ელექტრონული შესყიდვების ფორუმი  თემაზე: „ელექტრონული შესყიდვების მონაცემთა გამოყენებით გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების ეფექტური ხარჯვა“.
ფორუმის მთავარ მიზანს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების საჯარო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. განსაკუთრებული აქცენტი ელექტრონული შესყიდვების მონაცემების გამოყენებასა და გამჭვირვალობის ხარისხზე გაკეთდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ  თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დავით ჯაიანი. ფორუმზე ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია. საგულისხმოა, რომ საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემის და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის პრეზენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.
საერთაშორისო დონორების ძალისხმევით ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ელექტრონული შესყიდვების განხორციელების დახვეწისა და განვითარების, ამ კუთხით გამჭვირვალობის ამაღლების და საჯარო ფინანსების ეფექტური ხარჯვის გზებსა და საშუალებებზე ემსჯელათ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დელეგაციამ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის პირებთან შეხვედრებზე განიხილა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
ღონისძიებაში  32 ქვეყნის და  ათამდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.