სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პოტენციური მიმწოდებლების რანჟირების ახალი მოდული შექმნა
01.05.2017
  
 
2017 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას დაემატა კიდევ ერთი ახალი მოდული/სერვისი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება შესაბამის მიწოდების ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების იდენტიფიცირება და მათი რანჟირება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

აღნიშნული მოდული, რომელიც დღესდღეობით გაშვებულია საპილოტე რეჟიმში (სამომავლოდ დაგეგმილია მოდულის გაფართოება/დახვეწა), უკვე იძლევა მისი გამოყენების საშუალებას განსხვავებული მიზნებისათვის. მაგალითად, მოდული შესაძლებელია იყოს გამოყენებული ტენდერის დაგეგმვისას, მიწოდების ბაზრის კვლევის ეტაპზე, პოტენციური მიმწოდებლების იდენტიფიცირებისა და შესყიდვის დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებისათვის; გამარტივებული შესყიდვების შემთხვევაში, პრეტენდენტების რანჟირების მოდული იძლევა კონკურენტუნარიანი და სანდო მიმწოდებლების იდენტიფიცირების საშუალებას მათთან შემდგომი მოლაპარაკებების წარმოებისათვის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ამა თუ იმ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით თანხმობის გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის მეშვეობით მარტივად მიიღებს იმ კომპანიათა ჩამონათვალს და რეიტინგს, რომლებთანაც შესაძლებელია შემდგომი მოლაპარაკებების წარმართვა (მაგ. სახელშეკრულებო პირობების, მათ შორის ფასის შესახებ).

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოდულის მეშვეობით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად გადაამოწმებს, განეკუთვნება თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში შერჩეული მიმწოდებელი რეკომენდირებულ პოტენციურ მიმწოდებელთა ნუსხას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია თავად წყვეტს ამა თუ იმ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ახალი მოდულის ამოქმედებიდან, შემსყიდველ ორგანიზაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის დასმისას, გაუმარტივდება დასაბუთება, თუ რატომ გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოხვედრილია რანჟირებული კომპანიების ნუსხაში. ცხადია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ, კითხვის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაასაბუთოს ასევე მისი გადაწყვეტილება, თუკი იგი არ გააფორმებს ხელშეკრულებას რეიტინგში მითითებულ კომპანიასთან.
აღნიშნული სიახლე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის წარმოადგენს კიდევ ერთ, დამატებით შესაძლებლობას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მონიტორინგის განსახორციელებლად.

ტექნიკურად, რანჟირების მოდული სრულად ავტომატიზებულია - ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული ალგორითმი ავტომატურად ახდენს სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული მაჩვენებლების ანალიზს. კომპანიების რანჟირება ეფუძნება მხოლოდ თვლად, ობიექტურ მაჩვენებლებს, როგორიცაა მაგალითად, ტენდერებში გამარჯვებების მოპოვების პროცენტული მაჩვენებელი, კომპანიის ზოგადი წლიური შესაძლებლობები (ბრუნვა), მოდულის გამოყენების მომენტისთვის თავისუფალი რესურსის არსებობა (როგორც სხვაობა შესაძლებლობებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის), ტენდერების პროცენტული წილი, სადაც განხორციელდა კომპანიის დისკვალიფიკაცია (დისკვალიფიკაციის განსხვავებული საფუძვლებით), მიმწოდებლის არსებობა გაფრთხილებულ მიმწოდებელთა რეესტრში და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლე ქმნის კომპანიებისათვის სტიმულს, იყვნენ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, კვალიფიციურები და მაღალი პასუხისმგებლობის მქონენი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას.