სიხლეები   ამოქმედდა სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის ჩატარების განსხვავებული წესი
01.12.2016
  
 
1 დეკემბრიდან ამოქმედდა სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის ჩატარების განსხვავებული წესი

1 დეკემბრიდან ამოქმედდა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის ჩატარებას განსხვავებული წესით, ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას შემსყიდველ ორგანიზაციას, სურვილის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა განახორციელოს ახალი რეგულაციებით.

ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთ ნოვაციას, კერძოდ სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება ექნება ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. ამავდროულად, სატენდერო წინადადების ფასის შემცირებასთან ერთად, პრეტენდენტი იძენს ვალდებულებას სისტემაში ატვირთოს შეცვლილი ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (განფასება). ხაზგასასმელია, რომ ამოქმედებული რეგულაციების მიხედვით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები არ გაიმართება.

საგულისხმოა ისიც, რომ პრეტენდენტი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე, სატენდერო წინადადებასთან ერთად, სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სატენდერო კომისია ვალდებული იქნება შეაფასოს ყველა პრეტენდენტის სატენდერო წინადადების (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების) შესაბამისობა სატენდერო პირობებთან. სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

გასათვალისწინებელია, რომ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ახალი წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულო არაა.

მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეაფასებს ყველა პრეტენდენტს, სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდეტს, დადგენილი წესით, მოიწვევს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო