სიხლეები   საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა
18.12.2015
  
 
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
ევროკომისიის დასკვნით, სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად,  ეხება, აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების  თემატიკას. მასში პოზიტიურადაა მიჩნეული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად სავალდებულო გახდა გამარტივებული შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმება. საგულისხმოა, რომ მხოლოდ სააგენტოს თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი სახელმწიფო შესყიდვის ზემოაღნიშნული ფორმით განხორციელება. შეთანხმების პროცედურა საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ყოველ კონკრეტულ საკითხზე თავისი მოსაზრების გამოხატვა.
განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალე გარემოში სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიან განხორციელებას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თითოეული თანამშრომელი მოხარულია, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მნიშვნელოვან საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.