სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
10.11.2015
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცდა შავი სიის წარმოების წესი და პირობები, რომელიც ამოქმედდება 2015 წლის 16 ნოემბრიდან.
 
ახალი ბრძანებით დეტალურად მოწესრიგდა პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლები, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენისა და მისი განხილვის წესები, აგრეთვე რეგლამენტირებულ იქნა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები.
 
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების ფორმა, რომელიც დამტკიცებულია ბრძანების დანართით. წერილობითი შეტყობინების აღნიშნული ფორმის დაცვით წარმოდგენა სავალდებულოა. შესაბამისად, თუკი არ იქნება დაცული ბრძანებით განსაზღვრული ფორმალური მოთხოვნები, წერილობითი შეტყობინება დარჩება განუხილველი. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს შემსყიდველ ორგანიზაციას.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, განუხრელად დაიცვას ზემოაღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნები და, იმავდროულად, გამოთქვამს მზადყოფნას, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია.